გურამ თევზაძე როგორც განმანათლებელი

გურამ თევზაძე როგორც განმანათლებელი

გურამ თევზაძის გარდაცვალებისთანავე სოციალურ ქსელებში გავრცელდა მისი შემოქმედების სპონტანური შეფასება, რომლის მიხედვითაც ის იყო ევროპული ტიპის მოაზროვნე. წინამდებარე წერილის მიზანი არ არის გურამ თევზაძის მრავალმხრივი მოღვაწეობის შეფასება, არც მისი ადგილის გარკვევა ქართული აზროვნების ისტორიაში. ეს წერილი უფრო მკითხველისთვის იმ შთაბეჭდილებათა გაზიარების  ცდაა,  რომლებიც ბატონ გურამთან ხანგრძლივი ურთიერთობის მანძილზე დამიგროვდა, ჯერ როგორც მის სტუდენტს, მოწაფეს შემდეგ კი როგორც მის კოლეგასა და თანამშრომელს, როგორც ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ისე  პეტრიწის სახელობის საქართველოს ფილოსოფიურ საზოგადოებაში. რაც შეეხება მისი მოღვაწეობის შეფასებას, როგორც აღვნიშნე,  ის უკვე გამოითქვა და ვინც ბატონი გურამის მოღვაწეობის სტილს იცნობდა მას, ალბათ,  ყველა გაიზიარებს.  

 

გურამ თევზაძის ხედვითი ფილოსოფია

 

გურამ თევზაძე შეიძლება,  განასახიერებდეს ფილოსოფოსობის გარკვეულ ტიპს,  კერძოდ - რაციონალისტურ-სეკურალურ ფილოსოფოსობას, რაც, როგორც ცნობილია,  თანამედროვეობაში ევროპული ჰუმანიზმის შინაარსად იქცა. მისი ბირთვია სეკულარიზმი, რომელშიც მოიაზრება „საერო“ „რელიგიურისგან“ განსხვავებით.  გურამ თევზაძე საერო ფილოსოფოსია, სამოქალაქო ფილოსოფოსი, ამ აზრით - განმანათლებელი.  განმანათლებლობა აქ რამდენიმე ელემენტს მოიცავს; მათ შორის, არასრულწლოვანებისგან გამოსვლასა და გონებას როგორც რაციოს, რომელიც მკაცრად მიჯნავს თავის თავს რწმენისა და რელიგიისგან;  მასში ასევე შედის ამ უკანასკნელის  მოქცევა გონების საზღვრებში.  მაგრამ ეს პოზიცია, როგორც ვნახავთ, უარს არ ამბობს გონების მოცულობის გაფართოებაზე. ამგვარ გაფართოებაში მას, რა თქმა უნდა, აქვს საკრალურთან, წმინდასთან შეხება, მაგრამ ეს უკანასკნელი ჩაურევლობაში გამოიხატება. გონება არ ერევა საკრალურ სფეროში, ის, ასე ვთქვათ, პატივს სცემს მის დამოუკიდებლობას, მოივლის მის სამფლობელოს და საზოგადოდ თავისუფლების დაცვის საშუალებით თავისებურად ზრუნავს მასზე.  გურამ თევზაძის მთელი  შემოქმედება განმანათლებრული ჰუმანიზმისთვის ღვაწვაა. ამგვარ ღვაწვას ორი მხარე აქვს: თეორიული და პრაქტიკული. როგორც ცნობილია, თეორია ხედვაა. გურამ თევზაძეს როგორც  ხედვით ფილოსოფოსს აქვს მოვლენების თავისებური ხედვა, რომელიც განპირობებულია იმ კოლოსალური  ფილოსოფიის-ისტორიული ცოდნით, რომელსაც ის ფლობს. გურამ თევზაძე ამა თუ იმ მოვლენას სხვადასხვა ფილოსოფიის-ისტორიულ კონტექსტში განიხილავს და სხვადასხვა მხრიდან აფასებს. ეს, ასე ვთქვათ, მულტიკონტექსტუალური ხედვაა, რაც ურულოდ, ე.ი. წაძინების გარეშე (პეტრიწი) შრომით მიიღწევა. ამგვარი კვლევის შედეგი კონტექსტუალური სიტუაციიდან ტრანსკონტექსტუალური დასკვნების გაკეთებაა. კეთება, საზოგადოდ, ის სიტყვაა, რომელიც კარგად გამოხატავს გურამ თევზაძის ფილოსოფოსობას. ის აკეთებს ფილოსოფიას, ალბათ, ისე როგორც ოსტინთან სიტყვები ნივთებს აკეთებენ. ამ აზრით, გურამ თევზაძე პერფორმაციული მოაზროვნეა, ვისთვისაც საქმე წინ უსწრებს წერას. კეთება, რასაკვირველია ტექნიკას გულისხმობს (ამ შემთხვევაში აზროვნების ტექნიკას), მაგრამ ტექნე გაგებულია როგორც მთავარში გაგნება. აქ არ მოვყვები იმაზე ლაპარაკს, რომ კეთება სიკეთესაც ნიშნავს და ა.შ. მაგრამ ვიტყვი იმას, რომ სიკეთე გურამ თევზაძის შემთხვევაში ვლინდებოდა მის თავდაუზოგავ შრომაში და, რაც მთავარია, მისი ნაყოფების უშურველ გადაცემაში ყველასთვის, ვისშიც კი ის ფილოსოფიისადმი ინტერესს ამოიკითხავდა. ყველასთვის ცნობილია, რომ ის თავისი „თავისუფალი“ დროის უდიდეს ნაწილს უშურველად  ახმარდა ფილოსოფიის შესწავლის მსურველთ და ეს დრო, სულ ცოტა, სამჯერ-ოთხჯერ მაინც  აღემატებოდა  სასწავლო პროცესით გათვალისწინებულ სავალდებულო საათების რაოდენობას. ფილოსოფიის შესწავლის მსურველებთან გურამ თევზაძე მუშაობდა ინდივიდუალურად და ჯგუფურადაც.  ბევრს ახსოვს, გასული საუკუნის 80-იან წლებში გურამ თევზაძის მიერ საქართველოს ფილოსოფიური საზოგადოების ეგიდით თსუ-ში ორგანიზებული სემინარები, რომლის მუშაობაში მონაწილეობას იღებდნენ ფილოსოფიური აზროვნებით დაინტერესებული განსხვავებული პროფესიის ადამიანები როგორც უმაღლესი სასწავლებლებიდან ისე სხვადასხვა დაწესებულებებიდან. ხშირ შემთხვევაში ის მსურველებს გერმანული ენის დაუფლებაშიც ფასდაუდებელ დახმარებას უწევდა: გერმანული ენა გერმანულენოვან ფილოსოფიურ ტექსტთან ერთად. მას მიაჩნდა, რომ უცხოური ენის/ენების ცოდნა ერთ-ერთი ინსტრუმენტია ზემოაღნიშნული უნივერსალური სტანდარტების მისაღწევად. საერთოდ, ტექსტი/ტექსტები, ორიგინალურ ტექსტებზე ორიგინალისვე ენაზე მუშაობის კულტურა მისი სემინარების ცენტრალური  მომენტია.  ამ საქმიანობაში ის, როგორც იტყვიან, ბოლომდე იხარჯებოდა.

 

იმ ტიპის ფილოსოფიისთვის, რომელსაც გურამ თევზაძე განასახიერებს არსებითი მნიშვნელობა აქვს თვითწვრთვნასა და დამოწაფებას. ამ ორი თვისებით ის როგორღაც ჰგავს „მცოდნე მჭედელს“ ჰაიდეგერის „თემშარიდან“. თუმცა გურამ თევზაძე თავიდანვე იმანუელ კანტს დაემოწაფა, ზედმიწევნით  შეისწავლა მისი „კრიტიკები“ და სიღრმისეულად გაიაზრა კანტისეული „სამარადისო მშვიდობის“  მნიშვნელობა. განმანათლებლობის ზემოხსენებულ ელემენტებს განეკუთვნება აზროვნების განთავისუფლება ავტორიტეტისგან. თავისუფლება, საზოგადოდ, განმანათლებლობის გულისგულია. ამ უკანასკნელს არსებითად უკავშირდება სამართლიანობა. ორივე ეს ელემენტი, ასევე, ქმნის გურამ თევზაძის როგორც პროფესიონალი მოაზროვნის, ფილოსოფოსის თვისებას. ფილოსოფია გურამ თევზაძის პროფესიაა ამ სიტყვის ყველაზე მაღალი მნიშვნელობით. პროფესია, ალბათ, ცარიელა სიტყვა იქნებოდა, რომ არ არსებულიყვნენ გურამ თევზაძის მსგავსი ადამიანები, რომლებიც თავიანთი ბუნებით, თავიანთი მოღვაწეობით პირველად  ანიჭებენ საზრისს ამ სიტყვას. საინტერესოა, რომ პროფესიასა და კონფესიას ერთი ძირი აქვს, მოწოდებისა და აღიარების მომენტები საინტერესოდ ებმის ერთმანეთს და ხორცს ისხამს მასში, ვისთვისაც თავისი ხელობა დანიშნულებაცაა და აღიარებაც, აღსარებაც.  საინტერესოა ისიც, რომ გურამ თევზაძე ჰოროსკოპით მერწყულია; მერწყული - წყლის მზიდავი.  ცნობილია ისიც, რომ ევროპული აზროვნება თავის თავს იწყებს თალესით, რომელმაც წყალი გამოაცხადა ყველაფრის საფუძვლად.  ამგვარ მინიშნებას თუ გავყვებით, გურამ თევზაძე თავისი ხანგრძლივი ინტელექტუალური ცხოვრების განმავლობაში, აზროვნების საცავებიდან  დაუღალავად ეზიდებოდა გონების წყალს, რათა ყველაფრის გამაჩანაგებელ საბჭოურ უდაბნოში აზროვნების ის ნერგები გადაერჩინა, რომლებიც ჩვენმა წინაპრებმა საუკუნეების წინ ჩაყარეს. გურამ თევზაძე, უპირველეს ყოვლისა, ფილოსოფიის ისტორიკოსია. ფილოსოფიის ისტორია კი ფილოსოფიის ის დარგია, რომელიც საბჭოთა ტოტალიტარულ სისტემაშიც კი, გონივრული დამოკიდებულების შემთხვევაში, შესაძლებლობას იძლეოდა, რომ არ გეკითხა მარქსიზმ-ლენინიზმის კლასიკოსები, არამედ გეკითხა კლასიკური ტექსტები და გაგეთავისებინა უნივერსალური პრინციპები, დაგეცვა და ახალგაზრდა თაობებისთვის გადაგეცა ისინი. გურამ თევზაძე სწორედ ის მოაზროვნეა, ვინც ყოველთვის ამგვარი უნივერსალისტური პრინციპების სამსახურში იყო, არსებითად  მხოლოდ მათ წინაშე  პასუხისმგებლობას აღიარებდა და არა  პარტიული ხელმძღვანელობისა. ის ყოველთვის მოქმედებდა სინდისის კარნახით.

 

2011 წ. 31 მაისი ბატონი გურამი გახარებული დამხვდა უნივერსიტეტის დღეებთან დაკავშირებით რაიმეს დაწერა მთხოვესო იმის შესახებ თუ რას გავიხსენებდი როგორც ყველაზე სასიხარულოს. მართლაც საინტერესოა-მეთქი. აი-ო, მითხრა და მომაწოდა გაყვითლებული ფურცელი თითქმის გაცრეცილი ასოებით: ეს იყო კორნელი კეკელიძის რეცენზია-ნებართვა  სრულიად ახალგაზრდა გურამ თევზაძის ნაშრომის დაბეჭდვის თაობაზე მისივე ხელმოწერით. მე სასიამოვნოდ გაკვირვებული დავრჩი: ბატონი გურამის ყველაზე სასიხარულო დღე თსუ-ში მოღვაწეობიდან  თურმე უკავშირდება არა ფილოსოფიას, არამედ უნივერსიტეტის ერთ–ერთ დედაბოძს კორნელი კეკელიძეს. „ველოდები ბატონ კეკელიძეს მისივე კაბინეტის მოსაცდელში და უცებ მისი ასისტენტი მოდის და მიცხადებს: მოხუცი გიხმობსო“ – მიყვება ბატონი გურამი. მენიშნა სიტყვა მოხუცი: ილიას „აჩრდილში“ მოხუცებული „საქართველოს თანამდევი, უკვდავი სულის მეტაფორაა. ამან  გურამ თევზაძესთან მიმართებით, ალბათ, სრულიად უადგილო პათეტიკურ განწყობაზე დამაყენა: მოხუცებულის ნებართვა მისივე ხელმოწერით: მართლაცდა რა უნდა იყოს უფრო  სასიამოვნოდ მოსაგონარი!

 

გურამ თევზაძის საქმითი ფილოსოფია

 

გურამ თევზაძის როგორც საქმითი ფილოსოფოსის მოღვაწეობას უკავშირდება მცველის ის ფუნქცია, რომელიც მან, როგორც ჩანს, იტვირთა განმანათლებლობის პრინციპებთან მიმართებით. ამ პრინციპების დაცვა  გურამ თევზაძისთვის არ არის აბსტრაქტული მოწოდება. მათი დაცვა უნდა მოხდეს ადგილზე, სადაც მუშაობ,  მოღვაწეობ. ამგვარი მხარდაჭერის გარეშე პრინციპი სუსტია, უსუსურია. დაცვის ფუნქციის განსახორციელებლად  აუცილებელია ინსტრუმენტები: ლექცია, სემინარი, რა თქმა უნდა – ორიგინალური კვლევები, თარგმანები, რომლებიც უნდა   დაფუძნებოდნენ უნივერსალურად აღიარებულსა და დადგენილ სტანდარტებს. იგივე უნდა ითქვას ცოდნის შემოწმების ფორმებზე, მაგ. გამოცდაზე. ცნობილია, ამ მხრივ, მისი სიმკაცრე. მაგრამ ეს უკანასკნელი, როგორც ჩანს, განპირობებული იყო სწორედ უნივერსალური მოთხოვნებით. უნივერსალური სტანდარტების დაცვის გამო გურამ თევზაძეს ხშირად უსამართლოდ  აკრიტიკებდნენ როგორც მარცხნიდან, ისე მარჯვნიდან.

 

უაღრესად შთამბეჭდავია გურამ თევზაძის რაციონალურად ორგანიზებული ლექცია. რომელიც ფორმალურად მისთვის განკუთვნილი დროის ბოლო წამამდე  ამოწურვაზე, ხოლო შინაარსობრივად ამა თუ იმ მოაზროვნის შეხედულებათა  თანამიმდევრულ და შესაძლებლად სრულ  გადმოცემაზე იყო გათვლილი.  დაუვიწყარია, ასევე რაციონალურად ორგანიზებული სემინარები, რომელთა ბირთვი პირველწყაროზე, ტექსტზე მუშაობა იყო. ამ პროცესში შერწყმული იყო უზარმაზარი ცოდნა და მეცნიერული კეთილსინდისიერება. თითოეული ლექცია და სემინარი იყო ორიგინალური და განუმეორებელი, ამ შთაბეჭდილებას კიდევ უფრო აძლიერებდა გურამ თევზაძის დიქცია, მისი მეტყველების მანერა, რაც სხვა კომპონენტებთან – ელეგანტურობასთან, ჩაცმულობასთან, სიდინჯესთან, აკურატულობასთან – ერთად უაღრესად კომფორტულ აკადემიურ გარემოს ქმნიდა.  

 

აუდიტორიაში როგორც წესი ზარის დარეკვისთანავე შემოდიოდა ხოლმე. შემოსვლისთანავე დაფას მოასუფთავებდა და ცარცით დაწერდა იმ მოაზროვნის სახელს, რომლის შესახებაც იმ დღეს უნდა ესაუბრა. ფრჩხილებში აუცილებლად მიაწერდა ხოლმე მოაზროვნის დაბადებისა და გარდაცვალების წლებს. ამით თითქოსდა მსმენელის ყურადღებას იმთავითვე მოაზროვნის ეპოქას მიაპყრობდა. ლექციაზე არ უყვარდა მრავალსიტყვაობა. მისი ფრაზები იყო მოკლე და ტევადი. ერთი შეხედვით მას თითქოს აკლდა ენობრივი გამართულობა, რაკი ტლანქად და გაუჩორკნავად გამოიყურებოდა (ეს ვითარება ნიშანდობლივია გურამ თევზაძის როგორც მთარგმნელისთვისაც, რომელიც ცალკე თემაა). მაგრამ ეს, როგორც ჩანს, გამოწვეული იყო იმით, რომ  მას სურდა ზედმიწევნით ზუსტად გადმოეცა ის, რასაც ესა თუ ის მოაზროვნე ფიქრობდა. იგი თითქოსდა პწკარედს გვაწვდის; დანარჩენი კი იმის უნარზეა, ვისაც იგი მიაწოდეს. ამ გზით გურამ თევზაძე ცდილობდა გაენეიტრალებინა ძალმომრეობის მომენტი აზროვნებასა და პედაგოგიურ პრაქტიკაში. ამ გზით იგი ასევე ცდილობდა ყოფილიყო მაქსიმალურად სამართლიანი.

 

გურამ თევზაძე არ იყენებს სპეცეფექტებს, არ აგებს თავის საქმიანობას  რიტორიკულ  და ა.შ. ეფექტებზე ისე, როგორც მაგალითად  ნუცუბიძე. მას არ აქვს წარმატების რაღაც მაგიური ფორმულა. ფილოსოფიის შემსწავლელთათვის მას აქვს მთავარი  შეთავაზება: მუხლჩაუხრელი, ურულო  შრომა და აზროვნებისთვის ძალისხმევა.  

 

ამ მხრივ საინტერესოა გურამ თევზაძის მოღვაწეობის განხილვა მის აუდიტორიასთან მიმართებაში.  ზოგი შეიძლება ფიქრობდეს, რომ გურამ თევზაძე პარადიგმაა, მისი მიბაძვა არსებითად შესაძლებელია.  მაგრამ მისი მიბაძვა, მისი ნიმუშად დასახვა უაღრესად ძნელია, ურთულესია, ვინაიდან მის სახელს უკავშირდება რაციონალიზმის რაღაც ნაირსახეობა ე.წ. ინდუსტრიული რაციონალიზმი, „ინდუსტრიულის“ ზედმიწევნითი გაგებით, რაც ხშირად გამხდარა მის მიმართ წყრომის საბაბი. საზოგადოდ „წყრომა“ და მისი უკიდურესი გამოხატულება „შურისგება“  გურამ თევზაძის  განმანათლებლური ჰუმანიზმისა თუ ჰუმანისტური განმანათლებლობის განსაკუთრებულ ყურადღებას იპყრობს. ის ღრმად არის დარწმუნებული, რომ შურისგება არ ეკუთვნის ადამიანს და რომ ადამიანი დახსნილ უნდა იქნეს შურისგებისგან.

 

ლოსევის შესახებ ვსაუბრობთ. ვუყვები ამას წინათ ერთერთ არხზე ლოსევის შესახებ ფილმს წავაწყდი, ძალიან აქებენ რუსები-მეთქი. დიდი კაცი იყოო და იხსენებს: როცა საქართველოში ჩამოსულა, უთხოვია: გელათის აკადემიაში იმ ადგილთან მიმიყვანეთ, სადაც პეტრიწი იმყოფებოდა ხოლმეო. როცა მიიყვანეს, ასე თქვაო: ვიგრძენი თუ როგორ გადმოვიდა პეტრიწის სული ჩემშიო. მართლაცდა საოცარი სურათია: გოლიათური აღნაგობის მოაზროვნე, მუხლებზე დაჩოქილი, რომელშიც  მე-12 საუკუნის ქართველი მოაზროვნის სული გადმოვიდა. „ეს სულმნათი პროკლეს რომ თარგმნიდა ამათ მაშინ წერა-კითხვა არ იცოდნენო. ვინ ამათ-მეთქი ჩავეკითხე.  რუსებს გულისხმობდაო, ვინაიდან თავისთავს კაზაკად მიიჩნევდაო. აჩრდილის გადმოსვლასთან დაკავშირებით დერიდას მონათხრობი მახსენდება-მეთქი – მე ვუთხარი. შევატყვე ყურადღებით მისმენდა. დერიდა იხსენებს თუ როგორ დააპატიმრა კაგებემ 1982 წელს ჩეხოსლოვაკიაში კაფკას ადგილების მოსანახულებლად ჩასული. დერიდა დარწმუნებულია, რომ მასზე კაფკას აჩრდილი გადმოვიდა. სწორედ კაფკას სურვილი იყო ის, რომ დერიდას გამოევლო მთელი ის გზა, რაც მისი „პროცესის“ გმირმა გამოიარა.

 

რაციონალისტური ფრონტის გარღვევა

 

ეს ეპიზოდი და ზემორე პასაჟი კორნელი კეკელიძესთან დაკავშირებით ასოციაციურად საინტერესოდ ებმის ერთმანეთს და გარკვეულწილად განსხვავებულ ელფერი შეაქვს თევზაძისეულ რაციონალიზმში. ეს ასევე უკავშირდება „გონების გაფართოების“ ტენდენციას, რომელიც მასთან შეინიშნება, როცა გონება ცდილობს მისი საპირისპირო ელემენტის განეიტრალებას იმით, რომ ამ უკანასკნელს თავის შინაარსად აქცევს. მხედველობაში მაქვს, ერთი მხრივ, აჩრდილის, ჩრდილის,  ანარეკლის, მსგავსების მომენტი, რომელიც  წარმოსახვას უკავშირდება და გურამ თევზაძე მას სწორედ ამ კუთხით განიხილავს. მეორე მხრივ, „არაწმინდასა“ და „წმინდას“  შორის  განსხვავება. „არაწმინდა გონება“  გულისხმობს არა მარტო პიროვნების მიერ ბოროტების ფაქტიურ ჩადენას, არამედ რაიმე ამგვარის გაფიქრებასაც კი.

 

„გაწმენდილი გონება“ კი, კეთილი საქმის გვერდით, აღიარებს კეთილ მიზანს, კეთილ განზრახვას როგორც შინაგან სტიმულს. ესენი შეადგენენ „შინაგანი სიტყვის“  შინაარსს. სწორედ მასში გვემხილება პიროვნების ღვაწლის რაობა, მასში პიროვნების კეთილი განზრახვის გადამწყვეტი როლი. 

 

მეორე მხრივ, გურამ თევზაძისთვის არ არის დამახასიათებელი ბინარული აზროვნება. საერთოდ, ბინარი როგორც აზროვნების ორწევრა ფიგურა არ გამოხატავს აზროვნების არსს. გურამ თევზაძე დარწმუნებულია, რომ მთავარია დაპირისპირებულობაზე ამაღლება, დაპირისპირებულობაზე მაღლა დგომა. ის  თავის პოზიციას მსოფლმხედველობას უწოდებს. დაპირისპირებულობაზე მაღლა დგომა სწორედ ამ მსოფლმხედველობის ბირთვია. საინტერესოა, რომ  დაპირისპირებულობაზე მაღლა დგომის შინაარსს ქმნის დათმობა.  ამ უკანასკნელით გურამ თევზაძემ, როგორც ჩანს, თავისი შეხედულებების განვითარების ერთ-ერთ ეტაპზე ჩაანაცვლა ტრადიციული შემწყნარებლობა.  ის  ხშირად იმეორებდა, რომ დათმობა არაფერს გვართმევს, პირიქით ის, ვინც თმობს უფრო მეტს იძენს, ვიდრე   დათმოო. „დათმობასთან“ დაკავშირებულ აღმოჩენას ის განსაკუთრებით ელოლიავებოდა.

 

ეს პროცესი, როგორც ჩანს, თვითონ გურამ თევზაძის მსოფლმხედველობაზეც აისახა.  მისი რაციონალიზმი, როგორც ჩანს, თანდათან თმობდა თავის სიმკაცრეს  და  გურამ თევზაძის აზროვნების უკანასკნელი ელემენტები „რაციონალისტური ფრონტის“ ერთგვარ გარღვევადაც კი წარმოგვიდგება. ეს განსაკუთრებით ეხება სიკვდილის,  სიზმრისა და ხილვების როლის მისეულ  გააზრებას საზოგადოდ  ადამიანისა და კერძოდ, მოაზროვნის ცხოვრებასა და მოღვაწეობაში. ამ ელემენტების წინ წამოწევით გურამ თევზაძე თავისებურად ეხმიანება აზროვნების თანამედროვე ტენდენციებს.

 

გურამ თევზაძე აღიზარდა გერმანული კლასიკური ფილოსოფიის  ტრადიციებზე, რომლის დედააზრი არის არა დასასრული, არამედ დაბრუნება. გურამ თევზაძე კლასიკოსია, რომელიც მიდის და ამ წასვლით ბრუნდება.

 

გურამ თევზაძემ თავისი ხანგრძლივი მოღვაწეობის მანძილზე დააფუძნა აზროვნების ბევრი  ტოპოსი. თუ ამ ტოპოსებს ახლა ზოგან მათი ჰაერის მცველები დაეპატრონენ,   ერთხელაც იქნება და  „მოხუცის აჩრდილი“  დაბრუნდება და კვლავ დაიკავებს იმ ტოპოსებს, რომელთა  დაფუძნებასა და დაცვას  მან უდიდესი ძალისხმევა შეალია.

 

ლიტერატურა:

გურამ თევზაძე, მსოფლმხედველობის სტრუქტურისათვის. მსოფლმხედველობა, რწმენა, ადამიანის ღირსება (თბილისი: თსუ გამომცემლობა, 1991), 5-9.

გურამ თევზაძე, მარტინ ჰაიდეგერი და მისი გზები. თემშარა. (თბილისი: თსუ გამომცემლობა, 1993), 7-17.

გურამ თევზაძე, პეტრე იბერი. https://burusi.wordpress.com/2010/12/06/guram-tevzadze-9/ 

გაზიარება: